Tuesday, December 11, 2012


ვულკანი


ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkan, ვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.
ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.
აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი. 



ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.
დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.
დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.
ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის.


  მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

ღვარცოფი 

  კომპლექსური გეოლოგიურ–გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა,მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.

ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადებად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნებისგან გამოირჩევა უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის უფრო დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს ან ძლიერ აზიანებს სხავადასხვა დანიშნულების შენობებს, სამრეწველო თუ სასოფლო–სამეურნეო ობიექტებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.
 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98

ცუნამი

 

ცუნამი (იაპ. 津波) — ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად. ცუნამის 1000-მდე ცნობილი შემთხვევიდან 100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.

ცუნამის ტალღების გავრცელების სიჩქარე 50-დან 1000 კმ/სთ-მდე, ხოლო ტალღის სიმაღლე 0,1მ-დან(ღია ზღვაში) 5მ-მდე(ნაპირთან) მერყეობს. ცუნამი დიდ ნგრევასა და სხვერპლს იწვევს. ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები,სახლები,ხიდები, ადამიანები.
2005 წელს ინდონეზიის კუნძულებთან მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი წარმოქმნა, რომელიც თავს დაატყდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს და 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98

ზვავი
  მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.
ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როცა მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.
ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.
მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:
1. დიდი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის.
2. მაღალი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.
3. საშუალო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98

მეწყერი 
 
  მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, დრონაჟი და სხვა. 

მიწისძვრა 


მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება.
 ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული.
 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%90