ვულკანი

ვულკანი


ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkan, ვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.
ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.
აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი. 



ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.
დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.
დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.
ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

No comments:

Post a Comment